"თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის მთელ არმიას გავანადგურებთ", - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოცემა Haber Türk-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„რომ შევაფასოთ ყველაფერი, რაც ამ დროის განმავლობაში გავანადგურეთ, 1-2 მილიარდი დოლარის ღირებულების იქნება. ისმის კითხვა – ღარიბო სომხეთო, სად გქონდა ამდენი ფული? ეს ფულით იყიდე? - არა. შენ ეს მოგცეს. ვინ მოგცა, ყველამ იცის. თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის მთელ არმიას გავანადგურებთ! ამიტომაც, რაც უფრო ადრე შეწყვეტენ ომს, მით უფრო მეტ ტანკსა და ქვემეხს შეინარჩუნებენ. რუსეთს სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, იქ 5 ათასი სამხედრო იმყოფება. აქვს თუ არა თურქეთს აზერბაიჯანში სამხედრო ბაზა? - არა. სომხეთის საზღვარს ირანთან და თურქეთთან რუსი მესაზღვრეები იცავენ. არიან აზერბაიჯანის საზღვარზე თურქი მესაზღვრეები? - არა. ამიტომ ნურავინ დაგვადანაშაულებს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტას დათანმხდნენ, პირობა დაირღვა. დღეს კი ისინი საარტილერიო დაბომბვის განახლებაში, ერთმანეთს ადანაშაულებენ.