თეირანში, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში, თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ე.წ. 3+3 ფორმატში გაიმართა.
შეხვედრის დევიზი იყო - „ახალი სამყარო, თანამშრომლობა და პროგრესი სამხრეთ კავკასიაში.“ სომხური მედიის ცნობით, რეგიონში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, 3+3 ფორმატის შეხვედრაზე განიხილებოდა სამხრეთ კავკასიაში არსებული გამოწვევები და რეგიონული თანამშრომლობის განვითარების გზები (პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოება, ტრანზიტი, ენერგეტიკა და ა.შ.). ასევე, სამშვიდობო საკითხები და მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. შეხვედრები გაიმართა ორმხრივ ფორმატებშიც, მათ შორის, სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის პრეზიდენტს შეხვდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანსა და ირანს შორის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები, ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე თანამშრომლობის არსებული შესაძლებლობები, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივები და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
„რეგიონის პრობლემების მოგვარება შეუძლებელია უცხოური ძალების ჩარევით,“ - განაცხადა ებრაჰიმ რაისმა.
თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა აღნიშნა, რომ უცხო ძალების ყოფნა რეგიონში, არამხოლოდ არ წყვეტს პრობლემებს, არამედ, ართულებს სიტუაციას.
France24-ის ცნობით, მოლაპარაკების დასასრულს, მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა დაგმო „ევროკავშირის და, გარკვეულწილად, შეერთებული შტატების მცდელობა,“ ჩაერიონ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში.“
ერთობლივ დასკვნით დეკლარაციაში მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს „დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობას, სუვერენიტეტის პატივისცემას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას... და შიდა საქმეებში ჩაურევლობას". ლავროვმა, რომელიც პირისპირ შეხვდა ირანის პრეზიდენტს, განაცხადა, რომ საქართველოსთვის „კარი ღია რჩება."
შემდგომი შეხვედრა თურქეთში, მომავალი წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
„მოსკოვის თავდაპირველი გეგმის მიხედვით, „3+3 ფორმატი“ საქართველოსაც უნდა მოიცავდეს. მაგრამ თბილისმა, რომელიც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, უარყო ეს წინადადება. მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლი იკისრა, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გააძლიერეს თავიანთი ძალისხმევა ორ მხარეს შორის სამშვიდობო შეთანხმების დასამყარებლად. რუსეთი ხედავს, რომ მისი როლი რეგიონში შემცირდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა,“ - წერს France24.
აშშ-ის პოზიცია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ აგრძელებს ძალისხმევას „ღირსეული და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად.“
„ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კვლავ დარჩა პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გადაუჭრელი საკითხები. ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნული ქვეყნების ლიდერების ჩართვას მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, სადაც ყველა ადამიანის უფლებები იქნება დაცული. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხები პირდაპირ განიხილონ,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
ე.წ. 3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მას ქართული მხარე არ დასწრებია. შეხვედრას საქართველოს დელეგაცია არ დაესწრო, თუმცა სხდომის ოთახში აღმართული იყო საქართველოს დროშა, რაც საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადებით დაგმო.
ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით.
გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრე რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთს საქართველოდან შეახსენა.
-
სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას
-
თურქეთის ელჩის კომენტარი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით - ექსკლუზივი