რუსეთი და ირანი კვლავ იმედოვნებენ, რომ საქართველო ე.წ. 3+3 ფორმატს შეუერთდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა, “3+3“ ფორმატთან შეერთებას გადაწყვიტოს.

„ყველა თანხმდება იმაზე, რომ “3+3“ ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვესმის, თუ რატომ იკავებს თავს საქართველოს ხელისუფლება „ექვსეულში“ გაწევრიანებისგან,“ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეირანში განაცხადა.

„ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თბილისი მომავალში ამ გადაწყვეტილების მიღების შანსს იტოვებს. ყველა შემთხვევაში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ყველა მოქმედება ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, რაც არაერთხელ დაამტკიცა. ეს იმის დაჯერების შესაძლებლობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში “3+3“ ფორმატი სრულფასოვნად შედგეს,“ - აღნიშნა ლავროვმა.


თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა ე.წ. 3+3-ის პლატფორმის შეკრების დროს იმედი გამოთქვა, რომ ფორმატს საქართველოც შეუერთდება.

„ვიმედოვნებთ მომდევნო შეხვედრებში, რომლებიც სამხრეთ კავკასიის პრობლემების განხილვას დაეთმობა, საქართველოს კონსტრუქციული და ეფექტიანი მონაწილეობის მომსწრე გავხდებით," – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

“3+3“ ფორმატის შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ „პლატფორმა ღიაა საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობისთვის“. ამის შესახებ ნათქვამია მონაწილეთა შემაჯამებელ განცხადებაში.


აშშ რუსეთს და ირანს არასანდო პარტნიორებად მიიჩნევს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა 23 ოქტომბერს, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, ე.წ. 3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მას ქართული მხარე არ დასწრებია. შეხვედრას საქართველოს დელეგაცია არ დაესწრო, თუმცა სხდომის ოთახში აღმართული იყო საქართველოს დროშა, რაც საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადებით დაგმო.


ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით.

გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრე რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთს საქართველოდან შეახსენა.

ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრა 23 ოქტომბერს თეირანში გაიმართა. როგორც მედია წერს, სავარაუდოდ, შემდეგი შეხვედრა თურქეთში გაიმართება.