მოლდოვა და რუმინეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

მოლდოვისა და რუმინეთის ჯარისკაცები საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. სწავლება 23 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. წვრთნები მოლდოვის ეროვნული არმიის სამხედრო სასწავლო ბაზაზე ჩატარდება.


რუმინეთი და მოლდოვა რუსეთის მხრიდან აგრესიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 2023 წლის თებერვალში განაცხადა, რომ რუსეთი მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდა.

გარდა ამისა, რუსეთის მუდმივი თავდასხმები პორტსა და ინფრასტრუქტურაზე სამხრეთ უკრაინაში, მეზობელ მოლდოვასა და რუმინეთს საფრთხეს უქმნის. 


დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც, რუმინეთი დაცვის ზომებს აძლიერებს.

ეს ზომები მოიცავს გაფრთხილების საშუალებების დამონტაჟებას, რომელიც საბრძოლო მასალის ნაწილის ჩამოვარდნის შემთხვევაში იმოქმედებს.

გარდა ამისა, 20 ოქტომბერს ცნობილ გახდა, რომ რუმინეთი უკრაინის საზღვრის გასწვრივ დრონების საწინააღმდეგო სისტემას დაამონტაჟებს.

რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევები რამდენჯერმე აღმოაჩინეს.