ირაკლი კობახიძე: არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, ეს არის მოწოდება აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მიმართ

ზოგადად, არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, ეს არის მოწოდება აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მიმართ, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აშშ-ის დაზვერვის ანგარიშს, რომლის თანახმად, აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კლავაც გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში.

ამასთან, სახელლმწიფო დეპარტამენტი Europetime-ს უდასტურებს, რომ უწყებამ 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ საპასუხო ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად უნდა გადადგას.


„თქვენ გახსოვთ, რომ საკმაოდ უარყოფითი პროცესები ერთოდა თან წინა საპარლამენტო არჩევნებს, მათ შორის, გახსოვთ, იგივე პარალელური ხმის დათვლის გაყალბება და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ არის. ყველა ყურადღებით უნდა მოეკიდოს იმას, თუ როგორ ტარდება სხვა ქვეყანაში არჩევნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა.

თუ სადმე იქნება ჩარევის რისკები, ყველაფერთან დაკავშირებით ყველას მივაწვდით ბუნებრივია, ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენ ინტერესებში,“ - განაცხადა კობახიძემ.


შეგახსენებთ, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. მისაღებ ზომებს შორისაა სანქციები, ინფორმაციის გაცვლა და რუსი ჯაშუშების გაძევება. აშშ აღნიშნულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ.