- თეირანი და ერევანი აშენებენ ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის ნაწილს, რომელიც ირანს საქართველოსთან სომხეთის გავლით დააკავშირებს.
ირანმა და სომხეთმა აგარაკ-ქაჯარანის გზის მონაკვეთის მშენებლობის თაობაზე ორი კონტრაქტი გააფორმეს. ეს $210 მილიონიანი კონტრაქტები 21 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეკონსტრუქციას, და ვარდანიძორიდან გვირაბის გასასვლელამდე 11 კმ გზის მშენებლობას ითვალისწინებს.
„ჩრდილოეთ-სამხრეთის საგზაო დერეფანი ირანის საზღვრიდან საქართველოს საზღვრამდე მანძილს 550-დან 490 კმ-მდე ამცირებს.
„როგორც სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის ნაწილი, ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ირანის და სომხეთის შავ ზღვაზე წვდომას.
პროექტი შავ ზღვასა და ევროპის ქვეყნებთან წვდომას სომხეთისა (მეგრი-კაპან-გორისი-ერევანი-აშტარაკი-გიუმრი-ბავრა) და საქართველოს ტერიტორიის გავლით უზრუნველყოფს,“ - წერს ირანული მედია.
მისივე თანახმად, 32-კილომეტრიანი ქაჯარანი-აგარაკის მონაკვეთს აფინანსებს სტაბილიზაციისა და განვითარების ევრაზიის ფონდი, ასევე, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტი.
როგორც ცნობილია, ირანის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მინისტრის მეჰრდად ბაზრფაშისა და სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის გნელ სანოსიანის თანდასწრებით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული გზა ირანულმა კომპანიებმა უნდა ააშენონ.
ბაზრფაშის თქმით, სომხური მხარე 210 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის დაფინანსებას აპირებს. კონტრაქტს ხელი სომხეთში ირანის დელეგაციის ვიზიტის დროს მოეწერა.
ამ ვიზიტის დროს ბაზრფაშმა მოლაპარაკებები გამართა სომხეთის რამდენიმე მაღალჩინოსანთან, მათ შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის წლიური ვაჭრობის ღირებულების 3.0 მილიარდ დოლარამდე გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადეს. ბაზრფაშმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა შეიძლება, სამჯერ გაიზარდოს.
ირანი თავის მხრივ, მზადაა მეორე სასაზღვრო ხიდის ასაშენებლად ნორდუზის რეგიონში. ის ირანში სომხური საინვესტიციო კომპანიების ყოფნას მიესალმა.
სექტემბრის დასაწყისში, ARMENPRESS-ი წერდა, რომ სომხეთი ცდილობს, თავისი საქონლის ექსპორტი მოახდინოს ირანის გავლით რეგიონის არაბულ ქვეყნებსა და ინდოეთში, რადგან ქვეყანა ასევე ცდილობს, გაზარდოს ვაჭრობა ისლამურ რესპუბლიკასთან.
„სომხეთი და ირანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სპარსეთის ყურე-შავი ზღვის ლოგისტიკური მარშრუტით ტვირთების განხორციელების პერსპექტივას, ხოლო სომხური მხარე მაქსიმალურად ცდილობს, მხარი დაუჭიროს ამ მეგაპროექტის განხორციელებას, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარი ტერიტორიის გამოყენებას. ასევე განიხილება ირანის ტერიტორიით სომხური საქონლის არაბულ ქვეყნებსა და ინდოეთში ექსპორტის ვარიანტი და ამ კონტექსტში მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით იპოვონ გამოსავალი და გაამარტივონ ამ გზაზე ორივე მხრიდან დაწესებული პროცედურები,“ - განაცხადა სომხეთის კომერციულმა ატაშემ, რანს ვარდან კოსტანიანმა.
კოსტანიანის თქმით, ორივე მხარე ეძებს ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობის შემდგომი განვითარებისთვის.