ჯეიმს ო'ბრაიენი: უნდა დავრწმუნდეთ, რომ ანაკლიის პორტს კანონის შესაბამისად მოქმედი ფირმა გააკონტროლებს

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე, ამერიკელმა კანონმდებლებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგია განიხილეს.


დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, შესავალ სიტყვაშივე განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში, „პუტინის რევანშისტული პოლიტიკის“ პირველი სამიზნე იყო. ამერიკელმა სენატორებმა, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწისგან მოისმინეს, რა გეგმები აქვს ვაშინგტონს, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პროცესების ხელშესაწყობად.


ჯეიმს ო'ბრაიენს შაჰინმა ანაკლიის პორტში ჩინეთის ინტერესებზეც დაუსვა შეკითხვა. 

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოს, რომელიც დაკავებული იქნება მოპარვით ან მოსყიდვით ქვეყანაში, სადაც ის ოპერირებს, ეს ეხება ანაკლიის მსგავს საპორტო ინფრასტრუქტურასაც,“ - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.


ო'ბრაიენისთვის ცნობილია, რომ ტენდერს ორი ფინალისტი ჰყავს - ერთი სინგაპურისა და ჩინეთის ერთობლივი კონსორციუმია და მეორე - დასავლური კონსორციუმი. აქვე აღნიშნა, რომ პროექტის დასრულებამდე მრავალი წელია დარჩენილი. 

ჯეიმს ო'ბრაიენის თქმით, DFC-მ (აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაცია) ფოთის პორტისთვის ძალიან დიდი სესხი გამოყო.

„ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში სხვა საშუალებების განვითარებაზეც, რომ უფრო მეტ დატვირთვასთან გამკლავება შეძლონ... ამის ნაწილია, დავრწმუნდეთ იმაში, რომ იქნება კონკურენცია და რომ ფირმა, რომელიც ანაკლიას გააკონტროლებს, კანონის უზენაესობის შესაბამისად იმუშავებს,“ – აღნიშნა ო'ბრაიენმა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი გადავიდა წინადადებების წარმოდგენის ეტაპზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიათაგან ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ სინგაპურული კონსორციუმი.

მინისტრმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამერიკულ კომპანიებს განაცხადი არ წარუდგენიათ.


ცნობისთვის, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი, ელჩის კომენტარის დონეზე 6 სექტემბერს დააფიქსირა.

ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს.


შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ანაკლიის პორტის საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს.

ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს.


ამავე თემაზე გაეცანით: