კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი

ექსკლუზივი

აშშ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას მტკიცედ უჭერს მხარს. ამის შესახებ Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განუცხადა.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა, და შეერთებული შტატები, ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთისა და ენერგიის გადაზიდვისთვის შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ინტეგრირების ჩათვლით.

შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.

კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს.

პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს ასევე მოუტანს სამუშაო ადგილებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერთან დაკავშირებით და კვალიფიციური დეველოპერსის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება. ამერიკული კომპანია Trammo კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სასუქის ტრანსპორტირებას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან.

გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს  მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს.


აშშ-ის მთავრობა ეძებს ახალ შესაძლებლობებს შუა დერეფნის მასშტაბით პარტნიორობისთვის. საქართველოში ეს ნიშნავს ახალი, ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებისთვის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გაზრდას, რათა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიწოდებული ტვირთის ეფექტიანობა და ღირებულება გაიზარდოს.
 
ეს ინვესტიციები და პარტნიორობა საქართველოს უფრო დიდ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ქართველებისთვის უფრო სარფიანად დასაქმების შესაძლებლობებს გამოიწვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით.

ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე და ასევე დავეხმაროთ ქართველ მწარმოებლებს, რომ ჰქონდეთ რესურსები და უნარები, რათა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია გასწიონ.

ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა Europetime-ს.


ცნობისთვის, 19 დეკემბერს, უზბეკეთმა რუსეთის გვერდის ავლით, სპილენძით დატვირთული მატარებელი ევროპაში, ახალი მარშრუტით, პირველად გაგზავნა.

მარშრუტი, რომელიც ცნობილია როგორც შუა დერეფანი, კვეთს თურქმენეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს, ასევე კასპიის ზღვას და შავ ზღვას.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა.

28 ნოემბერს, ამერიკის ელჩმს კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა.


ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

მაშინ გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.

ასევე გაეცანით