სლოვაკეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროკავშირის სხვა ლიდერებს განუცხადა, რომ უკრაინისადმი ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარება გარანტიებს უნდა მოიცავდეს იმის შესახებ, რომ თანხები მითვისებული არ იქნება. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ერთგვარი პირობის აუცილებლობას სლოვაკეთი იმით ხსნის, რომ “უკრაინაში კორუფციის პრობლემა არსებობს.“
მანვე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მზად არის, გაზარდოს თავისი წვლილი ევროკავშირის ბიუჯეტში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 400 მილიონი ევროთ, რათა უკრაინამ გარკვეული პირობებით მიიღოს 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი.
ფიცომ ეს პირობები ხუთშაბათს გამართული დებატების დროს წამოჭრა. Reuters-ი წერს, რომ ევროკავშირის ლიდერების ორდღიან სამიტზე, ფიცო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს უკრაინის დახმარების კრიტიკაში შეუერთდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ ბიუჯეტის გადახედვის შესახებ დისკუსიისას იყო საერთო კონსენსუსი უკრაინისთვის გათვალისწინებული დამატებითი 50 მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე.
სლოვაკეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, თუ ისინი მის ქვეყანას ზიანს მოუტანს.
მისი თქმით, უმჯობესია, რუსეთმა და უკრაინამ 10 წლის განმავლობაში სამშვიდობო მოლაპარაკება აწარმოონ, ვიდრე 10 წლის განმავლობაში ერთმანეთს ეომონ.
„ჩემი მთავრობის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საომარი მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტა წარმოადგენს საუკეთესო გადაწყვეტას, რომელიც მოგვეპოვება უკრაინისთვის," - განაცხადა ფიცომ პარლამენტის ევროპული კომიტეტის წინაშე გამოსვლაში.
ფიცოს მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კიდევ ორ პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა კოალიციური მთავრობა. არჩევნების წინ ფიცო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას ემხრობოდა და რუსეთის მიმართ სანქციების წინააღმდეგ გამოდიოდა.
სლოვაკეთის პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ, ოთხშაბათს ჩატარდა. მის თავმჯდომარედ კოალიციაში შემავალი პარტია „ხმის“ ლიდერი პეტერ პელეგრინი აირჩიეს. კოალიციაშია ასევე პრორუსული განწყობების სლოვაკეთის ნაციონალური პარტია.