ტრამპი და ბაიდენი მეორე დებატების ნაცვლად ამომრჩევლებთან პარალელურ შეხვედრებს გამართავენ

აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და 2020 წლის არჩევნებში მის მთავარ კონკურენტ ჯო ბაიდენს შორის მეორე დებატები 15 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ამის ნაცვლად კანდიდატები არმომრჩევლებთან პარალელურ შეხვედრებს გამართავენ, სადაც ისინი ამომრჩევლების კითხვებს უპასუხებენ.

დებატების გაუქმების მიზეზი ახალი კორონავირუსი გახდა. პირველი დებატების შემდეგ პრეზიდენტ ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მას რამდენიმე დღის საავადმყოფოში, შემდეგ კი იზოლაციაში გატარება მოუხდა. ამის გამო საარჩევნო დებატების კომისიამ ფორმატის შეცვლა და ონლაინ გადატანა გადაწყვიტა, რაზეც ტრამპმა უარი თქვა.

მესამე საპრეზიდენტო დებატები 22 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

RealClearPolitics-ის მიერ დაანგარიშებული ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვების საშუალო შედეგებით ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 9.2 ქულით უსწრებს. NBC-ს და Wall Street Journal-ის გამოკითხვის მიხედვით, 53% მხარს ბაიდენს უჭერს, 39% კი ტრამპს. Fox News-ის გამოკითხვაში ბაიდენმა 51% აიღო, ტრამპმა კი 46%.