28 ოქტომბერს, რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა. ხევი-შორაპნის 4 ზოლიანი, 27 კმ-იანი მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს.
„ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით შეამცირებს. ის დააკავშირებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მაგისტრალის მონაკვეთებს.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი. დღეისათვის, 48 გვირაბი უკვე გაჭრილია, 83 ხიდი კი, უკვე აშენებული. სამშენებლო სამუშაო ინტენსიურად გრძელდება და პროექტი 2024 წელს დასრულდება,“ - წერია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მაგისტრალებისა და გზების მშენებლობას და განსაკუთრებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის მშენებლობას. დღეის მდგომარეობით 261 კმ მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან, 193 კმ მაგისტრალი ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა. ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე მონაკვეთი იყო რიკოთის მონაკვეთი, რომელიც მიჩნეული იყო და არის ჯერ კიდევ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთი, მაგრამ თქვენ უყურებთ, რომ აშენდა 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და რა თქმა უნდა, გრძელდება ეს პროცესი,“ - მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილებს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ასეთი მასშტაბის, ასეთი სირთულის, გადაწყვეტის თვალსაზრისით, არ განხორციელებულა ქვეყნის რეალობაში ასეთი ანალოგიური პროექტი.“ პრემიერის განცხადებით, ჯამში 2013 წლიდან 16 000 კილომეტრი გზა აშენდა და რეაბილიტირდა.