ნიკოლ ფაშინიანი საქართველოსთან, თურქეთთან და ირანთან სომხეთის ურთიერთობებზე

სომხეთის მთავრობა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას, თურქეთთან კი, ურთიერთობის ნორმალიზებას გეგმავს.


„აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია ჩვენს გეგმებშია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ამ გეგმის წინსვლა სომხეთის სახელმწიფო ინტერესებში შედის,“ - განუცხადა ფაშინიანმა პარლამენტის წევრებს.


მისი თქმით, სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთადერთი ინსტრუმენტი მსოფლიო წესრიგის ნგრევის პირობებში არის სამშობლოს გაიგივება სახელმწიფოსთან, მის ტერიტორიასთან, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან.

„ამ აღქმიდან გამომდინარე საკვანძო, პრაქტიკული საკითხი, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, არის სახელმწიფოს გეოგრაფიული მდებარეობის გაცნობიერება და აღმოსავლეთ-დასავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის შესახებ გლობალური დისკუსიის დაწყებამდე მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვმდებარეობთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გვყავს ოთხი მეზობელი და ყველა ძირითადი საფრთხე და შესაძლებლობა, რაც შეიძლება გვქონდეს, მათთან ურთიერთობაში იმალება. ამ კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების მეგობრული, თანამშრომლობითი ხასიათის კიდევ უფრო გაღრმავება,“ - განაცხადა ფაშინიანმა.


ამასთან, ოფიციალური ერევანი იმედოვნებს, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის შესახებ შეთანხმებები უახლოეს მომავალში მიიღწევა.

„იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ განვახორციელებთ იმ შეთანხმებებს, რომლებიც მიღწეულ იქნა სომხეთისა და თურქეთის სპეციალური დესპანების შეხვედრების შემდეგ,“ - განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვარი ამ ეტაპზე უნდა გაიხსნას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეთანხმებების გარდა, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც ჩატარდა.


ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე 26 ოქტომბერს ისაუბრა. ფაშინიანის თქმით, სწორედ მშვიდობიანი თანაარსებობა არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“, რომლის მიზანიც არის განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით.