საია: მარტის აქციებზე დემონსტრანტებს, უმეტესად, შემთხვევითობის პრინციპით აკავებდნენ

ახალგარზდა იურისტთა ასოციაციამ 7-9 მარტის აქციის დაშლასა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მარტის აქციების დაშლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.


აქციის მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაერთგზის ჩარევის ლეგიტიმური მიზნის გარეშე და არაპროპორციულად განხორციელდა. ადგილი ჰქონდა, ასევე, მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს.


საია-ს შეფასებით, კვლავ საგანგაშოა, რომ აქციის დაშლის, თუ ადმინისტრაციული დაკავებების დროს, აქციის მონაწილეების ნაწილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით, როგორც სიტყვიერ, ისე, ფიზიკურ შეურაცხყოფაში.

  • 7-8 მარტს, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გამოყენების პარალელურად, გამოვლინდა აქციის მონაწილეთა მასობრივი უკანონო დაკავებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, მათ მიმართ ძალადობის ფაქტებიც. დემონსტრანტებს, უმეტესად, აკავებდნენ შემთხვევითობის პრინციპით, კერძოდ - არა კონკრეტულ სამართალდამრღვევ პირებს ინდივიდუალურად, არამედ ხშირად მათაც, ვინც აქციის დაშლის ოპერაციისას, უბრალოდ, „ხელში მოჰყვებოდათ“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2023 წლის 7-8 მარტს ადმინისტრაციული წესით სულ 146 პირი დააკავეს.
  • საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2023 წლის 7-9 მარტის აქციებზე დაკავებულთა ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე სულ 55 ზარი შევიდა. სახალხო დამცველმა მოინახულა 101 დაკავებული პირი, რომლებიც გადანაწილებულნი იყვნენ თბილისისა და სხვა რეგიონების დროებითი მოთავსების იზოლატორებში. საიას ინფორმაციით, 09.03-13.03 (ჩათვლით) პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცხელ ხაზზე სულ 203 ზარი შევიდა, რომლებიც 7-9 მარტს დაკავებული პირების ადგილსამყოფლის დადგენასა და მათთვის იურიდიული დახმარების გაწევას უკავშირდებოდა, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში მომზადდა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ანგარიშის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საია.