ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასის“ ტყვეობიდან სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლეს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე ქალი, რიგითი ორი მეგიდიში „ჰამასის“ ტყვეობიდან გაათავისუფლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რიგითი მეგიდიში თავს კარგად გრძნობს და უკვე ოჯახს შეუერთდა.


რიგითი მეგიდიშის გათავისუფლებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუც გამოეხმაურა.

„ვულოცავ ისრაელის თავდაცვის ძალებსა და „შინ ბეთს“ ამ მნიშვნელოვან და ამაღელვებელ მიღწევას, რაც აჩვენებს ჩვენს მზადყოფნას იმისთვის, რომ ყველა მძევალი სახლში დავაბრუნოთ,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მანამდე "ჰამასმა" სამოქალაქო პირები - ოთხი ქალი გაათავისუფლა.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა.

ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.