შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებმა უნდა გააფართოონ ინფრასტრუქტურა, რათა ტვირთების ნაკადის შენარჩუნება შეძლონ. ამის შესახებ საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა განაცხადა.
„ამჟამად ვაკვირდებით ინტერესის ზრდას შუა დერეფნის მიმართ და დერეფნის გავლით ტვირთების ნაკადის მიმართ. თუმცა, მთავარი საკითხი დამოკიდებულია დერეფნის წევრი ქვეყნების სატვირთო ნაკადის მართვაზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ტვირთის შეუფერხებლად გადაადგილებაზე, პორტებში შემოსული ტვირთის მოკლევადიან ტრანზიტსა და ტვირთის ნაკადზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაგირებაზე. კომპანიები გამოიყენებენ შუა დერეფანს, თუ საქონლის ტრანსპორტირება უფრო სწრაფი და უსაფრთხო იქნება,“ - IRU-ს პრეზიდენტმა რადუ დინესკუმ.
დინესკუს თქმით, დერეფნის წევრმა ქვეყნებმა უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები.
„მათ შეუძლიათ, ისარგებლონ აზერბაიჯანის გამოცდილებით ამ საკითხში. ზოგადად, თუ ელექტრონული TIR და ECMR სისტემები გამოიყენება შუა დერეფანში, საზღვრებზე ლოდინის დრო შეიძლება, შემცირდეს და მეტი ტვირთის ტრანსპორტირება მოხდეს,“ - განაცხადა დინესკუმ.
საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი, შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის ხელშეწყობას გეგმავს.
შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.
TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.
ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში.
აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.
ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.