რა მოთხოვნები დააყენა ქართულმა მხარემ ერგნეთში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თქმით, ერგნეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით გამართული საგანგებო შეხვედრაზე, 6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლება და ამავე დღეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა.


შეკითხვას, მოითხოვეთ თუ არა დამნაშავის გადმოცემა, ანთაძემ უპასუხა: „ჩვენ მოვითხოვეთ დასჯა და, რა თქმა უნდა, მათი გადმოცემა, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების პასუხი ამაზე ნათელია...რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა არ დაასახელეს მონაცემები დამნაშავეების იდენტიფიკაციის შესახებ, მათ უბრალოდ განაცხადეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც კირბალის მიმდებარედ პატრულირებას ახორციელებდნენ."

ირაკლი ანთაძეს საოკუპაციო ძალებთან ერთად ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა ვერ წარმოუდგენია. მისივე განცხადებით, ამჟამად სოფელ მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ საქართველოს საპოლიციო ძალები.


ირაკლი ანთაძის თქმით, ერთადერთი უკუკავშირი, რაც მეორე მხრიდან მიიღეს, იყო ის, რომ აწარმოებენ ე.წ. გამოძიებას და დამნაშავეები დაისჯებიან. სუს-ის წარმომადგენელმა შეხვედრაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლისგან მოისმინა, რომ ინციდენტი მოხდა იქ, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები პერმანენტულად ხელს უშლიან ადგილობრივ მოსახლეობას, რათა მოინახულონ ტაძარი.


„ტაძარი, სამწუხაროდ, მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათ თქვეს, რომ ეს მოხდა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ზუსტი ლოკაციის განსაზღვრა ვერ მოახერხეს, შესაბამისად, სამუშაოები გაგრძელდება, რათა დავადგინოთ ყველა დეტალი," -  განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიიდან ცხელი ხაზით შეიტყო, რომ ადგილზე მისულიყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. „სამწუხაროდ, გარდაცვლილი დახვდათ," - აღნიშნა ანთაძემ.


თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობით დადგება საკითხი, რომ პირი, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლა, საქართველოს გადმოეცეს, რათა ქართული კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლეს: „ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით მოხდება. იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, შესაბამისად, ეს შეიძლება, გაკეთდეს მხოლოდ მედიატორის ჩართულობით; იმ მხარის ჩართულობით, რომლის მედიაციითაც გაფორმდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ჩვენ სხვა ბერკეტი და ხაზი რუსეთთან ურთიერთობებში არ გვაქვს. ერთადერთი ეს არის ჟენევის ფორმატი და ის შეხვედრები, რომლებიც საოკუპაციო ხაზზე იმართება ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად,” - განაცხადა სამხარაძემ.


რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო „კაგებე"-მ. ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ სასაზღვრო პატრულმა ავტომანქანაში „საზღვრის" ორი დამრღვევი აღმოაჩინა.

„დაკავების მცდელობისას მათ წინააღმდეგობა გასწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დამნაშავეებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით მათ სცადეს მანქანით გადაევლოთ მესაზღვრისთვის და შემდეგ საქართველოში გამგზავრებულიყვნენ,“ - ნათქვამია ე.წ. კაგებე-ს განცხადებაში.


დე ფაქტო ვერსიის თანახმად: „ამ უკანონო ქმედებების ჩასახშობად და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გაფრთხილების მიზნით ისროლეს და კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის შემდეგ, ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანის საბურავებს." ამავე ცნობით, სროლის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაიჭრა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ქართულ მხარეს გადაიყვანეს, მეორე კი, დააკავეს.


ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. მისი გადმოცემის საკითხზე ირაკლი ანთაძე  აღნიშნავს: „რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადმოცემის პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს. მე ვუშვებ ამის ალბათობას, ამას არ ვამტკიცებ."


შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.


შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“


ასევე გაეცანით: