რუსეთი გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის გარეშე დარჩა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უარი განაცხადა, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) მოსამართლედ რუსეთის წარმომადგენელი კირილ გევორგიანი მეორე ვადით აერჩია. სასამართლოს შექმნიდან, 1946 წლიდან პირველად, რუსეთს გაეროს ამ ერთ-ერთ მთავარ ორგანოში წარმომადგენელი აღარ ეყოლება.

საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდშიც 15 რესპუბლიკის ამ გაერთიანებას გაეროს სასამართლოში ყოველთვის რუსი წარმომადგენელი ჰყავდა.

კირილ გევორგიანი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე 2015 წლიდან იყო.

გევორგიანი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის კვოტით გადაწყვიტა მეორე ვადით კენჭისყრა, რუმინეთის წარმომადგენელთან ბოგდან-ლუჩიანუ აურესკუსთან დამარცხდა.

9 ნოემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად აურესკუ 117 ხმით აირჩიეს. მას მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს 15-დან 9 წევრმაც.


15 მოსამართლისგან შემდგარი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში მდებარეობს. ის გაეროს 6 მთავარი ორგანოდან ერთ-ერთია. მოსამართლეებს 9 წლის ვადით ირჩევენ გაეროს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო. ყოველ 3 წელიწადში ერთხელ კი, 5 მოსამართლის ხელახლა არჩევა ხდება. რამდენიმე ვადით კენჭისყრა აკრძალული არ არის.

ამჟამად მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის საჩივრებს განიხილავს. ეს ეხება 2014 წელს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების ქმედებებს და ყირიმის ანექსიას - ასევე, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას.