აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი, სენატორი ჯიმ რიში ევროკომისიის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას აფასებს. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ის კარგ კომპრომისად მიიჩნევს.
ჯიმ რიში აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა თავისი ევროპული მისწრაფებები ნათლად გამოხატა, თუმცა თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მთავრობამ პირობები უნდა შეასრულოს.
„გამამხნევებელია ევროკავშირის შეფასება, რომ როგორც უკრაინამ, ისე მოლდოვამ მიაღწიეს საკმარის პროგრესს რეფორმებისა და ანტიკორუფციული სამუშაოს მიმართულებით, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ვაფასებ იმ რთულ გადაწყვეტილებებსა და მძიმე ნაბიჯებს, რომლებიც მათ გადადგეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მოხარული ვარ, რომ მათ გააკეთეს ევროპული არჩევანი. რა თქმა უნდა, უკრაინასა და მოლდოვას გაცილებით მეტი სამუშაო აქვთ გასაკეთებელი, სანამ ისინი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად იქნებიან. თუმცა, მე მოუთმენლად ველი და გავაგრძელებ მათ მხარდაჭერას, რადგან ისინი უფრო რთულ ნაბიჯებს დგამენ.
ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის კონკრეტულ პირობებს დააკმაყოფილებს, კარგი კომპრომისია. ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გაამართლა თავისი ხალხის სურვილები. თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები. მათ შორის, მომავალ წელს ჩაატაროს დადასტურებულად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოებას და დაიწყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი პოზიციის გათვალისწინება - უფრო კონკრეტულად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. როდესაც საქართველო დააკმაყოფილებს ბრიუსელის მიერ დადგენილ პირობებს, მოხარული ვიქნები მათი პოზიტიური მოძრაობის ევროკავშირის წევრობისკენ," - ნათქვამია რიშის განცხადებაში.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.
ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.