ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლისთვის რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის, სანქციები დაუწესა რუსეთის ექვს მაღალჩინოსანს და ქიმიური კვლევის ცენტრს, ორგანული ქიმიის და ტექნოლოგიის რუსეთის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტს.

სანქცირებულებს შორის არიან: ალექსანდერ ბორტნიკოვი - ფედერალური უშიშროების სამსახურის დირექტორი, პაველ პოპოვი - თავდაცვის სამინისტროს მინისტრის მოსადგილე, ალექსეი კრივორუჩკო - თავდაცვის მინისტრი მოადგილე, ანდრეი იარინი - პრეზიდენტის აღმასრულებელ ადმინისტრაციაში პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის დირექტორატის ხელმძღვანელი, სერგეი კირიენკო - პრეზიდენტის აღმასრულებელი ადმინისტრაციის შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი მენიაილო - ვლადიმირ პუტინის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ციმბირის ფედერალურ რაიონში.

რაც შეეხება, ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს (GosNIIOKhT), ეს არის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც ევალება საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიღებული ქიმიური იარაღის მარაგების განადგურება. 1994 წლამდე ორგანიზაცია ქიმიურ იარარებს ავითარებდა, მათ შორის, ნოვიჩოკს.

ევროკავშირის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "იმის გათვალისწინებით, რომ ალექსეი ნავალნი მეთვალყურეობის ქვეშ იყო მისი მოწამვლის დროს, გონივრულია დავასკვნათ, რომ მოწამვლა მხოლოდ ფედერალური უშიშროების სამსახურის ჩართულობით იყო შესაძლებელი," - ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში.

ევროკავშირისვე განცხადებით, სანქციები არის ნაწილი იმ ქმედებებისა, რითაც უნდა შეეწინააღმდეგონ "ქიმიური იარაღების გამოყენებას და გავრცელებას".

რუსეთი ნავალნის საქმეზე სანქციების დაწესებაზე ევროკავშირთან დიალოგის გაწყვეტით იმუქრება.

ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან 22 სექტემბერს 32-დღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს. ნავალნიმ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 24 დღე გაატარა. ის გერმანიაში რეაბილიტაციის კურსის ბოლომდე დარჩება.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ნავალნის მოწამვლის საქმე ბადებს "ძალიან სერიოზულ კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემაც მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეუძლია და მათ ეს უნდა გააკეთონ".

თავად ალექსეი ნავალნიმ თავის მოწამვლაში ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა.

"მე მჯერა, რომ პუტინი ამ დანაშაულის უკან დგას და მომხდარის შესახებ არ მაქვს სხვა ვერსია". - განაცხადა ნავალნიმ გერმანულ მედიასთან საუბრისას.

ქიმიური იარაღის ნოვიჩოკის შესახებ ვრცლად წაიკიტხეთ ტაბულას სტატიაში - კრემლის პრობლემების საბჭოთა წამალი - რა არის "ნოვიჩოკი"?

ალექსეი ნავალნიზე ვრცლად წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში - "უცხო თავისიანთა შორის და თავისიანი უცხოთა შორის - ვინ არის ალექსეი ნავალნი".