ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტმა, კლაუდია არპამ საქართველოს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„ვულოცავთ საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შემდეგი ნაბიჯი მოსალოდნელია დეკემბერში და ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ. საქართველომ უნდა გააგრძელოს საშინაო დავალების შესრულება. საქართველო გააგრძელებს ამ პრიორიტეტების შესრულებას, დარწმუნებული ვარ, 15 დეკემბერს დადებითი გადაწყვეტილება მიიღება“, - განაცხადა ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტმა.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.
ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.