სტოლტენბერგი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, რაც უკრაინის მიღწევებზე მიუთითებს

NATO-ს გენერალური მდივნის შეფასებით, სეპარატისტული ტერიტორიების რუსეთის მიერ სამხედრო ბაზების მოსაწყობად შესაძლო გამოყენება, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. იენს სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, რაც აჩვენებს, თუ რა მიღწევები აქვთ უკრაინელებს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებზე თავდასხმების დროს.


„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებელია, რომ სეპარატისტული ტერიტორიები შესაძლოა, გამოყენებული იყოს რუსეთის მიერ სამხედრო ბაზების მოსაწყობად. ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მეტყველებს იმაზე, რამდენად შორს სურს რუსეთს წასვლა სამხედრო ამოცანების მისაღწევად უკრაინაში.  

ასევე, ეს ქმედებები იყო იძულება, გადასულიყვნენ თავდაცვით პოზიციაზე, რადგან უკრაინელებს რეალურად აქვთ წარმატებები რუსეთის სამხედრო-საზღვაო ობიექტებზე შეტევების დროს ყირიმში. შესაბამისად, რუსეთი ეძებს ალტერნატივებს. ეს აჩვენებს, რა მიღწევები აქვთ უკრაინელებს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებზე თავდასხმების დროს,“ – განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში, მედიასთან.

ასევე წაიკითხეთ: NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია: ვგმობთ რუსეთის განზრახვას, ააშენოს საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში


ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა.

„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ.

რუსეთის გეგმა მკაცრად დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ.