მოლდოვა რუსეთის საწინააღმდეგო ევროკავშირის 4 სასანქციო პაკეტში მონაწილეობს. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოლდოვა რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სასანქციო პაკეტებს შეუერთდა.
მინისტრის განმარტებით, მოლდოვის რესპუბლიკა ევროკავშირის მიერ შემუშავებული, ასევე, საგარეო პოლიტიკური განცხადებებისა და სანქციების რეჟიმების აბსოლუტურ უმრავლესობას იზიარებს. მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, ზუსტად რა ტიპის სანქციას შეუეთდა კიშინოვი.
„არის კიდევ ზოგიერთი სასანქციო პაკეტები, რომლებიც მოლდოვაზე ეკონომიკურ ზეგავლენას აანალიზებენ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ახალ სასანქციო პაკეტებთან მოლდოვის შეერთების შესახებ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება ანალიზს გადის… არსებობს სანქციების ექვსი პაკეტი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ან იურიდიულ პირებს ეხება. ამ ეტაპისთვის მოლდოვა მათგან ოთხს შეუერთდა,” - განაცხადა პოპესკუმ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში მოლდოვამ განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ არ შეუერთდებოდა გარკვეულ შემაკავებელ ზომებს, კერძოდ, სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მოლდოვაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა შარშან ივლისში განაცხადა, რომ ბრიუსელი არ მოსთხოვს კიშინიოვს ანტირუსული სანქციების შემოღებას, მაგრამ „მოხარული იქნება, დაინახოს“ განვითარებები ამ მიმართულებით.
მოლდოვა უკრაინასთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ევროკავშირი ელის, რომ მისი მომავალი წევრები შეთანხმდებიან საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე და ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას გაიზიარებენ.