უზბეკეთი გამოდის წინადადებით, შუა დერეფნის შესაძლებლობები გაეროს სტანდარტებზე დაყრდნობით გაფართოვდეს

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (შუა დერეფნის) შესაძლებლობები გაეროს სტანდარტების საფუძველზე უნდა გაფართოვდეს. ამის შესახებ უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ბადრიდინ აბიდოვმა ბაქოში გამართულ SPECA 2023 ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. ფორუმზე რეგიონის გლობალურ ჰაბად გადაქცევის საკითხი განიხილება.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რეგიონის სატრანსპორტო შესაძლებლობების გაფართოებაზე. ამრიგად, ჩვენ ვახორციელებთ სტრატეგიულ პროექტებს აღმოსავლეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტებზე. ამ კონტექსტში იგეგმება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის და უზბეკეთი-ავღანეთი-პაკისტანის სარკინიგზო ხაზების მშენებლობა. ამის წყალობით, საქონლის ტრანზიტი გაიზრდება. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ შუა დერეფნის შესაძლებლობების გაფართოებას,“ - განაცხადა აბიდოვმა.


შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.