არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ნიდერლანდელი ანტიევროკავშირი, ულტრამემარჯვენე გერტ ვილდერსი კოალიციური პარტნიორების ძებნას იწყებს. Reuters-ი ნიდერლანდებში გამართულ კენჭისყრას ასე აღწერს - არჩევნები, რომელსაც დიდი შედეგი მოჰყვება ნიდერლანდებსა და ევროპაში.
ევროსკეპტიკოს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის გულშემატკივარმა, ევროკავშირის მოწინააღმდეგე ვილდერსმა პირობა დადო, რომ ყველა იმიგრაციას შეაჩერებს, შეამცირებს ჰოლანდიის გადასახადებს გაერთიანებაში და დაბლოკავს ნებისმიერი ახალი წევრის, მათ შორის უკრაინის შესვლას.
„ცვლილების ქარი აქ არის! ვულოცავ გერტ ვილდერსს არჩევნებში გამარჯვებას," - განაცხადა ორბანმა. ვილდერსმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა უნდა შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რადგან მისი თქმით, ქვეყანას თავად სჭირდება იარაღი, რათა თავის დაცვა შეძლოს.
ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნების შედეგების 98%-ია დათვლილი და საპარლამენტო არჩევნებში გერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ (PVV) გაიმარჯვა, რომელიც პარლამენტში 37 მანდატს მიიღებს, იმაზე ორით მეტს, ვიდრე არჩევნებამდე ეგზიტპოლები წინასწარმეტყველებდა. ამჟამად პარტიას პარლამენტში 17 მანდატი აქვს. მეორე ადგილს, მემარცხენე-მწვანეებისა და ლეიბორისტების კოალიცია (GroenLinks-PvdA) იკავებს, რომელსაც ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ფრანს ტიმერმანსი ხელმძღვანელობს და სავარაუდოდ, 25 მანდატს მიიღებს.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს სახალხო პარტიას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD), 24 მანდატის მიღება შეუძლია. ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტია ახალი სოციალური კონტრაქტი (NSC), რომელსაც პიტერ ომციგტი ხელმძღვანელობს, ნიდერლანდების პარლამენტში 20 მანდატს მოიპოვებს.
ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 77,8% შეადგინა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, არჩევნების შემდეგ ნიდერლანდებს მთავრობის კოალიციის ფორმირების ხანგრძლივი პროცესი მოელის.