გერმანიამ ალპების გავლით ახალი გაზსადენის გაფართოებით, სამხრეთის გაზის დერეფნის გაძლიერების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, იტალიის პრემიერ-მინისტრ, ჯორჯია მელონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უაღრესად მნიშვნელოვანია სამხრეთის გაზის დერეფნის გაძლიერება ახალი მილსადენის უზრუნველყოფის გზით, ჩვენ მიზნად ვისახავთ, გავაძლიეროთ ენერგომომარაგების საიმედოობა ორივე ჩვენი ქვეყნისთვის," - აღნიშნა შოლცმა.
სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. სამხრეთის გაზის დერეფანმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, რამაც ხელი შეუწყო გაზის გადაზიდვას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ $33 მილიარდი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველად პროგნოზირებულ $45 მილიარდზე. სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად 8-10 წლის განმავლობაში ანაზღაურდება.