შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, აშშ-სთვის ღრმად შემაშფოთებელია. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ რუსეთის ნებისმიერი ასეთი ქმედება კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და ძირს გამოუთხრის სტაბილურობას რეგიონში. ვაშინგტონი შავი ზღვის კრიტიკულ მნიშვნელობაზე საუბრობს, რეგიონში მოკავშირეებსა და პარტნიორებს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდებს, საქართველო მთავრობასთან კი, როგორც ახლო ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორთან რეგიონში და როგორც NATO-ს პარტნიორთან მშვიდობისთვის, თანამშრომლობისთვის მზადყოფნას ადასტურებს, რადგან აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს ქმედუნარიანობისა და შესაძლებლობების განვითარებაში, ნებისმიერი სახის აგრესიის შესაკავებლად და მისგან თავის დასაცავად, მათ შორის, შავ ზღვაში.
- „ჩვენ ვხედავთ რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ; საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს ყველაფერი ნამდვილად მეტყველებს შავი ზღვის რეგიონის კრიტიკულ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.
ჩვენ გავაგრძელებთ შავი ზღვის რეგიონის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის უფრო ღრმა თანამშრომლობის წახალისებას, შავი ზღვის ფართო რეგიონში რუსეთის მიმდინარე აგრესიის შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ეს თანამშრომლობა მოიცავს შემდგომ ძალისხმევას ინფორმაციის გაზიარების გაზრდის მიზნით, საერთო ცნობიერების ამაღლებას საზღვაო სფეროსა და მის მიღმა.
ამდენად, ჩვენ გვსურს, რომ ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, როგორც ახლო ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორთან რეგიონში და როგორც NATO-ს პარტნიორთან მშვიდობისთვის, რადგან ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ საქართველოს ქმედუნარიანობისა და შესაძლებლობების განვითარებაში, ნებისმიერი სახის აგრესიის შესაკავებლად და მისგან თავის დასაცავად, მათ შორის, შავ ზღვაში.
შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია. ასეთი ქმედება იქნება კიდევ ერთი აშკარა დარღვევა იმ ვალდებულებისა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო და რაც გულისხმობს თავისი ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებას. რუსეთის ნებისმიერი ასეთი ქმედება კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და ძირს გამოუთხრის სტაბილურობას რეგიონში,“ - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინისანმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რუსეთის ქმედებების ფონზე, როგორ ხედავს აშშ რეგიონში ზოგადად და მთლიანად ევროპაში, მათ შორის საქართველოში, გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პერსპექტივას.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა.
„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ.
რუსეთის გეგმა მკაცრად დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ.