აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზებიაჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა განიხილა.
„მდივანი მიესალმა პრეზიდენტ ალიევის ერთგულებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გრძელვადიანი და ღირსეული სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფის შესახებ. მდივანმა აღიარა, ამ ხანგრძლივმა კონფლიქტმა აზერბაიჯანელებსა და სომხებს ტანჯვა მოუტანა და ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობა რეგიონში ყველასთვის სასარგებლო იქნება.
მდივანმა განიხილა აზერბაიჯანთან ურთიერთობები, აღნიშნა ურთიერთობაში ბოლოდროინდელი შეშფოთების პუნქტები და ასევე ისაუბრა თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით, სამშვიდობო პროცესის გარშემო და მაღალი დონის ჩართულობის მნიშვნელობაზე,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანთან საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა დაადასტურა და ხაზი გაუსვა სომხეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მცდელობებს.
„განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი და ღირსეული სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მუდმივი მხარდაჭერა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზი გაუსვა სომხეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაზრდის ძალისხმევას, რადგან ჩვენ ვმუშაობთ მისი ხედვის მხარდასაჭერად აყვავებული და დემოკრატიული მომავლის შესახებ,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აშშ-ის ბოლო განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-აშშ-ს ურთიერთობებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს აზერბაიჯანის შესახებ გაკეთებული შენიშვნები მიკერძოებული იყო და ვერ ასახავდა რეალობას. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცნობად მიიღო განცხადება აზერბაიჯანთან მაღალი დონის თანამშრომლობის გაუქმების შესახებ. ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 16 ნოემბერს გაავრცელა და რომ აზერბაიჯანმა თავის მხრივ, გააუქმა აშშ-ის უმაღლესი დონის ყველა ვიზიტი.
„ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, მდივანმა ბლინკენმა ითხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის ვიზიტი დეკემბერში, აზერბაიჯანში. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დათანხმდა ამ წინადადებას იმ პირობით, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მოიხსნება აზერბაიჯანის მაღალი დონის ოფიციალური პირების შეერთებულ შტატებში ვიზიტების უსაფუძვლო აკრძალვა. მდივანი ბლინკენი ამას დაეთნხმა,“ - წერს აზერბაიჯანული მედია ალიევის ოფისზე დაყრდნობით. აქვე აღნიშნულია, რომ ბლინკენი ალიევს თავად დაუკავშირდა.
ენტონი ბლინკენი დღეს ბრიუსელშია. მის ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასთან 27 ნოემბერს ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო'ბრაიენმა. მას ჰკითხეს განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებზე.
„ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარების რეალურ შესაძლებლობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ორივე მხარე ესაუბრება ერთმანეთს პირდაპირ და შუამავლების ჩართულობით. ამით ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას და სარგელებს მთელი რეგიონისთვის. მაგალითად, თუ ცენტრალური აზიიდან ვაჭრობა მოხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით თურქეთში, ეს იქნება არსებითი სტიმული ამ სავაჭრო მარშრუტზე მყოფი ყველა ქვეყნისთვის. და ჩვენ მივესალმებით შესაძლებლობას, ვიყოთ ამის ნაწილი. ამავდროულად, თუ მიიღება გადაწყვეტილება, რომ არ განხორციელდეს ეს მშვიდობიანი გზით, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ყველანაირი ინსტრუმენტების გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი სავაჭრო მარშრუტის შექმნა. ამდენად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ მხარეებთან და ჩვენ მოუთმენლად ველით, რას გადაწყვეტენ მხარეები. ჩვენ ვიცით, რომ მათ გამოთქვეს ინტერესი სამშვიდობო შეთანხმების ძალიან მალე დადების შესახებ და ჩვენ სიამოვნებით ვიხილავდით ამას,“ - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
ო'ბრაიენმა მანამდე განაცხადა, რომ მაღალი დონის კონტაქტების დროს, აშშ არაერთხელ ხაზს უსვამდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამზადებს „ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე“ ანგარიშს მთიან ყარაბაღში მომხდარის შესახებ.
შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა.
- „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“