გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა განაცხადეს, რომ არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან წერილი მიიღეს, რომლითაც ისინი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში მხარდაჭერას სთხოვენ. გერმანიის ელჩის თქმით, გერმანია ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს წინსვლას მხარს უჭერს.
„გერმანია საქართველოს გვერდით დგას. ევროკავშირი არის ჩვენი მშვიდობის, დემოკრატიის, თავისუფლებისა და სტაბილურობის საერთო პერსპექტივა,“აღნიშნა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა.
საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ძლიერი და მთავარი აქტივი ევროკავშირისკენ გზაზე.
„პატივია, მივიღო 75 არასამთავრობო ორგანიზაციის წერილი, რომელიც სთხოვს საფრანგეთს, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. სამოქალაქო საზოგადოება არის ძლიერი და მთავარი აქტივი ევროკავშირისკენ გზაზე. საფრანგეთი აფასებს მათ წვლილსა და ერთგულებას საქართველოს წარმატებისთვის,“ - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არასამთავრობოებმა მას ორგანიზაციების მიერ ხელმოწერილი წერილი გადასცეს. ელჩის თქმით, გერმანიის სურვილია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, ათობით ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აქტიური პროევროპული კამპანია წამოიწყო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრების დროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ელჩებს თავიანთ ერთობლივ წერილებს გადასცემენ. წერილების ადრესატი იმ ქვეყნის მთავრობაა, რომელთა ელჩებსაც ისინი ხვდებიან.
28 ნოებერს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში საბერძნეთის ელჩს შეხვდნენ და წერილი გადასცეს, რომლის ადრესატიც საბერძნეთის მთავრობაა.
„ჩვენ ვთხოვთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მათი მთავრობის მეთაურებს, რომ კომისიის რეკომენდაცია დატოვონ ძალაში. ჩვენ, რა თქმა ვიცით, რამდენი გამოწვევა აქვს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ, ამავდროულად, ვთვლით, რომ ეს არის შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და აუცილებლად, ჩვენ ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს უნდა მოგვეცეს შანსი, რომ დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი,“ – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა.
29 ნოემბერს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ლიეტუვისა და ესტონეთის ელჩებთან, რომლის დროსაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ელჩებს ერთობლივი წერილი გადასცეს.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან შეხვედრების გარდა, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 9 დეკემბერს სახალხო მარში დააანონსეს. მათი თქმით, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება. ისინი ასევე აპირებენ გიგანტური ევროკავშირის დროშის ევროპის მოედანზე გადმოფენას.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.