პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა გაუხსნა კარი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო, რომელიც ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას მომავალ კვირას.
„როგორც საქართველოში ყველამ იცის, ევროკავშირმა გაუხსნა კარი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვიმედოვნებ, საქართველო, რომელიც ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას წლის ბოლოს, მომავალ კვირას.
მე არ მაქვს მოლოდინები, მე მაქვს იმედი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქართულმა პოლიტიკურმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ იმუშაონ ამ მნიშვნელოვანი მიზნისთვის, რადგან ეს არის გრძელვადიანი მიზანი და საჭიროებს ძალების გაერთიანებას გრძელვადიან პერსპექტივაში.
იმედი მაქვს, რომ მთავრობა, ოპოზიციის პოლიტიკური ძალები და მთელი სამოქალაქო საზოგადოება გააორმაგებენ თავიანთ ძალისხმევას ერთად, კონსტრუქციულად და და ინკლუზიურად მუშაობისთვის, რათა განახორციელონ საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებები,“ – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.