აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კენჭისყრა დანიშნა. The Hill-ის ცნობით, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ უკრაინის, ისრაელისა და ღაზას სექტორის 106 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის კენჭისყრა მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.
„მოვუწოდებ ყველა სენატორს დაფიქრდეს, თუ სად ვიმყოფებით ამ ისტორიულ მომენტში. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება საფრთხეშია მთელ მსოფლიოში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონში. ამან შეიძლება დემოკრატიის განვითარების ტრაექტორია მრავალი წლის განმავლობაში განსაზღვროს. ჩვენ ისტორიულ მომენტში ვცხოვრობთ,“ - განაცხადა ჩაკ შუმერმა.
შუმერმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რადგან უკრაინას რუსული აგრესიის მოსაგერიებლად საჭირო რესურსები ეწურება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი.
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.
პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.