რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულენოვან უმცირესობასთან დაკავშირებით ლატვიის პოლიტიკას შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ მან 4 დეკემბერს სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
პუტინის განცხადება NATO-ა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობისა და ორ სამხედრო ძალას შორის შესაძლო სამომავლო კონფლიქტის შესახებ დისკუსიების ფონზე კეთდება.
„არ მგონია, რომ ასეთი პოლიტიკის გამტარებლებს ბედნიერება ეწვიოთ. ახლა არ ვიცი რამდენია, მაგრამ ლატვიაში, მგონი, 40% იყო რუსულენოვანი, ალბათ, ახლაც საკმაოდ ბევრია,“ - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთის მთავრობამ საპასუხოდ უნდა შეიმუშაოს „სისტემური ზომები.“
ლატვიის მთავრობის 2023 წლის მონაცემებით, ლატვიის 1,8 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 23,7% ეკუთვნის რუსულ უმცირესობას.
ლატვიის პარლამენტმა 2022 წელს მიიღო ცვლილება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის წესებს ამკაცრებს. ეს ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა. ლატვიაში მცხოვრები რუსები ახლა ვალდებულნი არიან, გაიარონ ლატვიური ენის საბაზისო დონის გამოცდა.
ბალტიისპირეთის ქვეყანამ ბოლო დროს ასევე გააძლიერა დე-საბჭოთა და საზოგადოებრივი სფეროს დერუსიფიკაციის პოლიტიკა. სექტემბერში მიღებული კანონი მიზნად ისახავს 2025 წლისთვის სკოლებში რუსული და სხვა უმცირესობების ენების სწავლების ენად გამორიცხვას.
რუსეთმა ლატვიასა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში ასეთ პოლიტიკას „რუსოფობია“ უწოდა. მაისში ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის LRT-ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მოსკოვის გეგმები, გავლენა მოახდინოს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ადგილობრივი პრორუსული ორგანიზაციებისა და რუსული ეთნიკური უმცირესობების გამოყენებით.