რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისს შეხვდა. ქვეყნებს შორის ვაჭრობის საკითხები განხილვის საგანს წარმოადგენდა. რუსული მედიის ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ გასულ წელს ქვეყნებს შორის ვაჭრობამ თითქმის 5 მილიარდ დოლარს მიაღწია.
მხარეებმა, ასევე განიხილეს დეკემბრის ბოლოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და ირანის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ღაზის სექტორის საკითხსაც.
ირანიც და რუსეთიც დასავლეთის სანქციების ქვეშ არიან. დასავლეთი დიდი ხანია, საუბრობს, რომ ირანი უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმისთვის, რუსეთს დრონებით ამარაგებს. NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი მჭიდრო კავშირებს ამყარებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიცაა, ირანი და ჩრდილოეთ კორეა.
2023 წლის აგვისტოში, ამერიკულმა გაზეთმა The Washington Post-მა დაწერა, რომ რუსეთის თათარსტანში, ალაბუგის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში ირანული დრონების წარმოების ქარხანა მუშაობს, რომელიც 2025 წლისთვის 6 000 უპილოტო საფრენი აპარატის, შაჰიდის წარმოებას გეგმავს.
გასული წლის 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.