ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კვების ობიექტების შიდა სივრცეების გახსნა მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მოხდება, ვინაიდან აღნიშნულ ადგილებში ინფიცირების რისკი კვლავ მაღალია.
როგორც დღეს ბრიფინგზე თურნავამ აღნიშნა, მკაცრად გაკონტროლდება, რომ რესტორნებში ე.წ. სოციალური ღონისძიებები არ ჩატარდეს.
მინისტრის თქმით, შაბათი-კვირის შეზღუდვის მოხსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, რა გავლენას მოახდენს დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.
"სარესტორნო ინდუსტრიის შიდა სივრცეები პრაქტიკულად 10 დღეში გაიხსნება, მაგრამ აქ მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოხდება მკაცრი მონიტორინგის ქვეშ, რადგან მთელ მსოფლიოში დღემდე ძალიან სამართლიანად არის მიჩნეული, რომ რესტორნები წარმოადგენს ერთ-ერთ მაღალი მობილობის მაგენერირებელ სფეროს, სადაც ინფიცირების საფრთხე არის მაღალი, რადგან უბრალოდ შეუძლებელია პირბადის გამოყენება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან მკაცრად დავაკვირდებით, როგორ განხორციელდება პროტოკოლების შესრულება.
სარესტორნო ბიზნესთან გვქონდა არაერთი შეხვედრა და მათი მხრიდან დავინახეთ პასუხისმგებლიანი მიდგომა. აქაც იქნება სავალდებულო ტესტირება პერსონალისთვის. მკაცრი კონტროლი იქნება იმაზე, რომ ე.წ. სოციალური ღონისძიებები არ განხორციელდეს, ეს კვლავ შეზღუდვაში რჩება. მზად ვართ, ამაზე პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გავამკაცროთ“, – განაცხადა თურნავამ.
მიაი თქმით, კვების ობიექტების შიდა სივრცეების გახსნის გადაწყვეტილება აუცილებელია დაახლოებით 200 000 ადამიანისთვის, ვინც ამ სფეროშია დასაქმებული.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და ამ ინდუსტრიამაც მიიღოს შემოსავალი. თუმცა კვლავ რჩება შეზღუდვაში შაბათი-კვირა და მომდევნო ეტაპზე, როდესაც დავინახავთ, როგორ იმუშავა ამ გახსნებმა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მერე ვიმსჯელებთ რესტორნებისთვის შაბათ-კვირის შემსუბუქება-არშემსუბუქების საკითხზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ უკვე ცნობილია, როდის განაახლებენ რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას