ჩინეთის საელჩო: საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოსაკრებელი შემცირდება

ჩინეთის საელჩოს განცხადებით, ჩინეთსა და უცხო ქვეყნებს შორის მოგზაურობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ჩინეთის საელჩო 2023 წლის 11 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეამცირებს ჩინეთის სავიზო მოსაკრებელს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„შემცირებული სავიზო მოსაკრებელი იქნება: ერთჯერადი ვიზა – 45 ლარი, ორჯერადი ვიზა – 70 ლარი, ნახევარწლიანი მრავალჯერადი ვიზა – 90 ლარი, ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზა – 135 ლარი, ორწლიანი მრავალჯერადი ვიზა – 135 ლარი,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.


საელჩოს ცნობით, 11 დეკემბრამდე ჩაბარებულ განაცხადებზე სავიზო მოსაკრებელზე კვლავ თავდაპირველი რეგულაციები იმოქმედებს. დაჩქარებულ სერვისზე საბუთების ჩაბარების შემთხვევაში აპლიკანტს მოუწევს დამატებითი საფასურის გადახდა.

ცნობისთვის, 2023 წლის 11 სექტემბრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისა და ჩინეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედდა.