სერბეთის ქალაქ ნიშში გაიმართა სერბეთ-ბულგარეთის გაზსადენის მსხვილი ენერგეტიკული პროექტის ინაუგურაცია. ცერემონიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რუმენ რადევი.
ხაზის მშენებლობის პროექტი ნაწილობრივ ფინანსდება ევროკავშირის გრანტებით, 49,6 მილიონი ევროს ოდენობით, ასევე, 25 მილიონი ევროს ხელსაყრელი სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, რომლის ნაწილს სერბეთი დაფარავს. სერბეთის რესპუბლიკამ სამუშოსთვის 20 მილიონ ევროზე მეტი გამოყო.
გაზის ინტერკონექტორი, რომელიც სერბეთისა და ბულგარეთის გაზის ქსელებს აკავშირებს, სერბეთსა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს, რაც სერბეთს საშუალებას მისცემს, უფრო უსაფრთხო და სტაბილური მიწოდება უზრუნველყოს გაზის ქსელის სხვადასხვა სისტემიდან, განსაკუთრებით, აზერბაიჯანიდან.
სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდა, რის შემდეგაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს განახორციელებს.
სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. სამხრეთის გაზის დერეფანმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, რამაც ხელი შეუწყო გაზის გადაზიდვას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ $33 მილიარდი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველად პროგნოზირებულ $45 მილიარდზე. სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად 8-10 წლის განმავლობაში ანაზღაურდება.