"ქართული ოცნების" ხელისუფლებას არასდროს ჰქონია დასავლეთის ისეთი დიდი მხარდაჭერა, როგორც ეს 2020 წლის არჩევნების შემდგომ ჰქონდა. 2007 წლის შემდეგ კი, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, დასავლეთს არ გამოუთქვამს ისეთი მწვავე კრიტიკა, როგორც ეს გუშინ მოხდა", - ამის შესახებ Europetime-ს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა.
Europetime-თან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, დასავლეთის რეაქციით გამოწვეულ შესაძლო შედეგებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა უზარმაზარი საგარეო საფრთხეების წინაშე დგას.
"როცა სახელმწიფო ფინანსურად დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერაზე, ასეთ სიტუაციაში დასავლეთიდან მხარდაჭერის დაკარგვა, რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა. შეიძლება, ხელისუფლებას იმის იმედი აქვს, რომ არც დასავლეთს არ უნდა, ხელი ჰკრას მას. ვნახოთ.
გუშინ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან როგორი მწვავე შეფასებაც დაფიქსირდა, ასეთი მწვავე კრიტიკა მე ჯერ არ მახსოვს 2007 წლის შემდეგ. ვფიქრობ, ახლა ხელისუფლება ცდილობს, გაერკვეს და დრო მოიგოს. მას სჭირდება სულ ცოტა ის, რომ დასავლეთის კეთილგანწყობა ნაწილობრივ მაინც დაიბრუნოს. თუ მელიას გაუშვებენ, საერთაშორისო პარტნიორების კეთილგანწყობის მოპოვების შანსი ისევ აქვთ. თუ არ გაუშვებენ, ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდებიან და გაუჭირდებათ პოზიციების შენარჩუნება, ხელისუფლებაში დარჩენა.
ამ ეტაპზე "ქართული ოცნების" მიზანია, საქმე არ მიიყვანონ ვადამდელ არჩევნებამდე, მაგრამ ახლა, როცა შიდა ფრონტზეც უჭირთ და საგარეო ფრონტზეც, ამის გაკეთება გაუჭირდებათ. ამიტომ საჭიროა, საგარეო ფრონტზე ისევ მოიპოვონ მხარდაჭერა, უფრო სწორად დაიბრუნონ, რადგან ჰქონდა ხელისუფლებას ეს მხარდაჭერა, არჩევნების შემდეგ, მაგრამ ერთი სულელური ნაბიჯით, სიტუაცია ოპოზიციის სასარგებლოდ შემოაბრუნეს", - აღნიშნავს ექსპერტი.
შარაშენიძის აზრით, 2020 წლის არჩევნების შემდგომ "ქართული ოცნება" დასავლეთის ასეთმა აქტიურმა მხარდაჭერამ და ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციების გაუქმებამ გაათამამა, რასაც დაემატა კიდევ რამდენიმე ფაქტორი.
"სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით მოხდა, ის რამაც ხელისუფლება ჩააგდო მძიმე დღეში. ახლა აუცილებელია, ჯერ დასავლეთის კეთილგანწყობა დაიბრუნონ და მერე შიდა პოლიტიკის ფრონტზე დაალაგონ სიტუაცია. რიტორიკა ასე მალე არ შეიცვლება.
ხელისუფლებამ რიტორიკა რომც არ შეცვალოს, დარწმუნებული ვარ, მელიას მაინც გამოუშვებს, რადგან არ მგონია, მელიას გამო, საბოლოოდ გადაიკიდოს დასავლეთი. მე არ მჯერა იმ ზღაპრების, რომ "ქართული ოცნება" პრორუსული ძალაა და მათ სურთ, საქართველო დააბრუნონ რუსეთის გავლენის ქვეშ. ამიტომ, არ მგონია, მელიას გადააყოლონ ეს ამბავი.
ხელისუფლების გუნდში ნამდვილად არის კომპეტენტური ხალხი. საქმე იმაშია, რომ მათ აკლიათ პოლიტიკური გამოცდილება. შეიძლება, კარგი რამის გაკეთება უნდათ, მაგრამ რადგან პოლიტიკურ ბრძოლაში არიან შესულები, ეს არ გამოსდით, გარედან მაინცდამაინც კარგად არ ჩანს. ორივე მხარის შიგნით არის კომპრომისის მომხრე ხალხი. სამწუხარო ისაა, რომ ოპოზიციის მხრიდან კომპრომისის მომხრე პოლიტიკური ლიდერები ვინც იყვნენ, მაგალითად გრიგოლ ვაშაძე, წავიდა. ხელისუფლებიდან ასევე ადეკვატური კომპრომისული ადამიანი, გიორგი გახარია წავიდა. ეს არის პრობლემა.
მე მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. დიალოგის პერსპექტივას ჯერ ვერ ვხედავ. მე მგონი, პირიქით ხდება. "ნაციონალური მოძრაობა" და პირადად სააკაშვილი, შეეცდებიან, ბოლომდე მიიყვანონ საქმე, გამარჯვებამდე. ხელისუფლება ბუნებრივია შეეცდება მათ წინააღმდეგ ბრძოლას იგივე სტრატეგიით, რომ სააკაშვილი რომ არ დაბრუნდეს, ისევ ოცნება უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. ამ თამაშს გააგრძელებს ორივე ძალა. კომპრომისის ვარიანტს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ",- აღნიშნა Europetime-სთან თორნიკე შარაშენიძემ.
23 თებერვალს, სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში დააკავეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორი დაშავებლი სტაციონარში გადაიყვანეს და მალევე გაწერეს საავადმყოფოდან.
მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს, ნიკა მელიას გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.