დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ შეუერთდება ნორვეგიას და უხელმძღვანელებს ახალ კოალიციას შავ ზღვაზე უკრაინის მხარდასაჭერად. პროგრამა მოიცავს „შავ ზღვაში საზღვაო ძალების სწრაფ განლაგებას, უკრაინის საზღვაო კორპუსის და საპატრულო გემების ყოფნას სანაპირო და შიდა წყლის დასაცავად.
ბრიტანეთის სამეფო ფლოტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ორ გამნაღმველ გემს გადასცემს, რომ შავ ზღვაში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის საზღვაო ოპერაციების შესაძლებლობები გააუმჯობესოს. დიდი ბრიტანეთი უკრაინას ხელს შეუწყობს, შავი ზღვის გავლით საექსპორტო გზები აღადგინოს.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადა უკრაინის ეკონომიკას ზიანს აყენებს, მნიშვნელოვნად ზღუდავს ქვეყნის მიერ ზღვის გამოყენებით ექსპორტის უნარს. უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებით, კონკრეტულად, რუსული ზღვის ნაღმებიდან მომდინარე საფრთხესთან გამკლავებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინის საზღვაო ექსპორტის აღდგენის უნარს გააძლიერებს.
„ხალი კოალიცია გრძელვადიან მხარდაჭერას გაუწევს უკრაინას, მათ შორის წვრთნების, აღჭურვილობის და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, შავ ზღვაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი.
- აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო: უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა
- სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა