მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტად დეზინფორმაციის და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა განისაზღვრა

დღეს, 11 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი - საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება და ამავე კუთხით სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების შესაძლებლობების განვითარება.


მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.

„საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიზანია მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიური, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემის ერთიანი ხედვის შემუშავება, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და, მეორე მხრივ, მორგებული იქნება საქართველოს მთავრობის გრძელვადიან საკომუნიკაციო მიზნებზე.

კომუნიკაციის სტრატეგია ეფუძნება მთავრობის მიერ 2023 წელს დამტკიცებულ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტს − „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ და სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ხედვასთან, სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, მიზნებსა და ამოცანებთან.


დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციების წარმომადგენლებმა.

სტრატეგიის მიზნებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის („სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის“) ფარგლებში ჩატარდა საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემური კვლევა, რომლის შედეგად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ხოლო მეორე მხრივ, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების შესაძლებლობები,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა.