განათლების მინისტრი: აუცილებელია, სკოლებში დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „აუცილებელია, სკოლებში დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება.“ მინისტრის შეფასებით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ერთი მხრივ ,მასწავლებელმა იცოდეს, რა შედეგებზე გადის ის. ეს მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის, სკოლის ხელმძღვანელობისთვის და რაც მთავარია, ეს განათლების სამინისტროსთვის, სისტემისთვისა და ქვეყნისთვის.

„უკვე აქტიურად გვაქვს დაწყებული ეს პროცესი, რომელიც გულისხმობს, რომ მე-6 და მე-9 კლასში ჩვენ გვინდა შემოვიღოთ ე.წ. სადიაგნოსტიკო შეფასებები, რომელიც სისტემას მისცემს ნათელ სურათს, თუ როგორ ვითარება, რა დახვეწა და გაუმჯობესება სჭირდება.


მე-12 კლასში უკვე უნდა იყოს განმსაზღვრელი შეფასება, რასაც ჩვენ ვეძახით ბავშვის ტრანზიცია სკოლიდან უმაღლეს თუ პროფესიულ განათლებაში. ესეც იქნება მოაზრებული ცვლილება და ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ სრულიად ახალ, საერთაშორისო პრაქტიკაზე ადაპტირებულ ჩარიცხვის პროცესს,“ - განაცხადა ამილახვარმა.


განახლება: განათლების და მეცნიერების მინისტრი დამატებით საუბრობს, რას ნიშნავს ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული განათლების სისტემა.


„საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ინგლისში, ამერიკაში, ყველგან არის არა თუ ოჯახთან დაკავშირებული მიმართულებები, არამედ, არის ზოგადად ოჯახის პოლიტიკა. მე როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობდი, ჩვენ ვსაუბრობდით ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე. ეს არ არის საგნის სწავლება, ეს არის ის პრინციპი და ღირებულებები, რომლებზეც გვინდა, ავაშენოთ ზოგადი განათლების სისტემა და მათ შორის, ყველა ის საგანი, რომელიც სკოლაში ისწავლება.

ეს დაეფუძნება პატრიოტულ, ეროვნული ღირებულებების განვითარებასა და გაღვივებას, ოჯახის ფასეულობების კიდევ უფრო გაძლიერებას და ჩამოყალიბებას, ასევე, ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ისტორიის და კულტურის ხაზგასმას, სხვა უნივერსალურ ღირებულებებთან ერთად, რომელიც ასევე, თავისთავად გულისხმობს გლობალური მოქალაქის ჩამოყალიბებას და იმ ღირებულებების დამკვიდრებას, რომელიც დღეს თანამედროვე მსოფლიოში არის,” - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.