1000-მდე სკოლაში დირექტორების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება

საჯარო სკოლებში, სადაც დირექტორები ვერ შეარჩიეს, განათლების სამინისტრო ახალ კონკურსს გამოაცხადებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი 12 დეკემბერს აცხადებდა, რომ საჯარო სკოლებში დირექტორების დასანიშნად კანონით მინიჭებული დისკრეციის უფლების გამოყენებას არ აპირებს. როგორც მან ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციისას აღნიშნა, დისკრეციის უფლებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს.


 მინისტრის ინფორმაციით, 1000-მდე სკოლაში დირექტორების ასარჩევად კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

„840 სკოლაში სამეურვეო საბჭოებმა თავად აირჩიეს სკოლის დირექტორები, სამინისტროს და მინისტრის ჩაურევლად. დარჩენილ, დაახლოებით 1000 სკოლაში ჩვენ კვლავ გვაქვს კონკურსები გამოსაცხადებელი. სულ გვაკრიტიკებენ, რატომ არ მოხდა კანდიდატების წარმოდგენა, არ მოხდა იმიტომ, რომ ფიზიკურად კონკურსში არ იღებდა ამდენი კანდიდატი მონაწილეობას. უახლოეს მომავალში, სრულიად სამართლიანი, გამჭვირვალე კონკურსი გამოცხადება იმ დარჩენილ სოლებში, სადაც შერჩევა ვერ მოხდა.


ყველას მივცემთ შესაძლებლობას, რომ შემოვიდეს კონკურსში და უზრუნველვყოთ, რომ სკოლებში არჩევნები იყოს გაცილებით უფრო მრავალფეროვანი. კანონით მონიჭებული მაქვს უფლება, შემიძლია ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ადგილას დავნიშნო. ამას ჩვენ მიზანმიმართულად, შეგნებით არ ვიყენებთ, ვინაიდან არ გვინდა ჩვენი გემოვნება, შეხედულება სკოლებს თავს მოვახვიოთ. გვინდა თავად სკოლებმა გადაწყვიტონ, ვინ არიან მათი დირექტორები. ეს გამოყენებული იქნება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. უახლოეს მომავალში, გაიხსნება ეს კონკურსი და 2-3 თვეში ყველა სკოლაში მივიღებთ ახალ ლიდერებს, დირექტორებს,“ - განაცხადა ამილახვარმა.


დღეს, 13 დეკემბერს სამინისტროს უკვე მიმართეს იმ მასწავლებლებმა, რომლებსაც დირექტორობა სურთ. ისინი ითხოვენ, დასახელდეს კონკურსის გამოცხადების კონკრეტული თარიღი. მათი სურვილია, პროცესი იყოს გამჭვირვალე, განისაზღვროს კონკურსის პირობები და მოხდეს აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, განათლების სამინისტროს შენობის წინ, აქციას მართავს რამდენიმე მასწავლებელი, რომლებიც საკუთარ თავს დირექტორობის "დაბლოკილ კანდიდატებს" უწოდებენ.