უნგრეთი მზად არის, გააუქმოს ვეტო უკრაინისთვის ამჟამინდელი 50 მილიარდი ევროს დაფინანსების შეთავაზებაზე, თუ ევროკავშირი ბუდაპეშტისთვის გაყინულ თანხებს განბლოკავს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერის მთავარმა პოლიტიკურმა მრჩეველმა ბალაშ ორბანმა Bloomberg-ს განუცხადა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ უნგრეთი ეძებს მაღალ ფასს მისი შეთანხმების სანაცვლოდ, რაც შესაძლოა, ბლოკის სხვა ქვეყნებისთვის რთული არჩევანი იყოს. უნგრეთს სურს, რომ ბლოკმა 30 მილიარდი ევროს სრულად განბლოკოს.
„უნგრეთის დაფინანსება და უკრაინის დაფინანსება ორი ცალკეული საკითხია. მაგრამ თუ ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის დაფინანსებას ევროკავშირის შესწორებული ბიუჯეტიდან, მაშინ ეს ორი საკითხი ურთიერთდაკავშირებული გახდება,“ აღნიშნა ბალაშ ორბანმა.
უნგრეთი კვლავ ეწინააღმდეგება დახმარების სრულ ოთხწლიან გეგმას და მისთვის მისაღებია, რომ ევროკავშირს შესთავაზოს უკრაინას დაფინანსება ერთი წლის განმავლობაში ბიუჯეტის შესწორებების გარეშე. ბალაშ ორბანის თქმით, უკრაინის დახმარების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში, უნგრეთი განიხილავს ევროკავშირის წინადადებას საზღვრის უსაფრთხოებისთვის დაფინანსების გაზრდის და ევროკავშირის დამატებითი სუბსიდიების გაზრდის შესახებ, რათა ბლოკის ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.
Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ ალტერნატიულ გეგმას, რათა უკრაინას აღმოუჩინონ საჭირო დახმარება რუსეთთან ბრძოლაში, თუ უნგრეთი ვეტოს დაადებს ამჟამინდელ 50 მილიარდ ევროს დაფინანსების წინადადებას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფაზე კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია.
ინფორმაციისთვის, ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა ასევე გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს.
მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.