„ვიკრიბებით, რათა ვისაუბროთ უკრაინაზე და ვნახოთ, რამდენად შორს შეგვიძლია, წავიდეთ - რამდენ ხანსაც დასჭირდება. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერაზე თითქმის ორი წელია, ვსაუბრობთ და ამდენივე ხანია, მათ დახმარებას ვთავაზობთ. ბევრ ჩვენგანს დაუსვამს შეკითხვა, რას ნიშნავს ეს. ნიშნავს თუ არა ეს უკრაინის გამარჯვებას? ეს რაიმე სხვა ტაქტიკურ მიზანს გულისხმობს? როგორც ჩანს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ შეთანხმებას იმდენ ხანს, რამდენიც კიევისთვის იქნება საჭირო.
და ცხადია, ძალიან სერიოზული შედეგები გვექნება, თუ ამას ვერ შევძლებთ. უპირველეს ყოვლისა, უკრაინაში და არამარტო იქ, არამედ, სხვაგანაც. ეს გავლენას მოახდენს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე, როგორიც მაგალითად, ჩემი ქვეყანაა.
იქნება მრავალი რეგიონული და გლობალური ეფექტიც კი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილებები და საბოლოოდ ავიღოთ უკრაინის გამარჯვების ვალდებულება უკრაინის შესახებ ჩვენი დისკურსის ამ გადამწყვეტ მომენტში. თუ ეს არ გაკეთდება, ფასი გაცილებით მაღალი იქნება,“ - აღნიშნა ლანდსბერგისმა.
ბრიუსელში ისტორიული სამიტი იწყება. მანამდე, უნგრეთს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგია, ევროკომისიამ 10 მილიარდი ევრო განუბლოკა, თუმცა ვიქტორ ორბანი მაინც აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირის უსაფრთხოებას დაანგრევს. ევროპელი ლიდერები უნგრეთის პრემიერთან შეხვედრას და მოლაპარაკებას განაგრძობენ. სამიტის მიმდინარეობისას გაირკვევა, საბოლოოდ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი კონენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას.