ლატვია განიხილავს 1000-ზე მეტი რუსის გაძევებას დროებითი ბინადრობის ნებართვის გასაგრძელებლად აუცილებელი ზომების შეუსრულებლობის გამო, იტყობინება ლატვიური საინფორმაციო გამოცემა Delfi ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
ლატვიის ხელისუფლებამ წერილები გაუგზავნა რუსეთის 3000-ზე მეტ მოქალაქეს, რომ მათ მოუწევდათ ლატვიის დატოვება, რადგან ვერ დარეგისტრირდნენ რეზიდენტურის და ენის გამოცდაზე. ბალტიისპირეთის ქვეყანამ, რომელიც მე-20 საუკუნის დიდი ნაწილი საბჭოთა ბატონობის ქვეშ ცხოვრობდა, ბოლო დროს ასევე გააძლიერა დე-საბჭოთა და საზოგადოებრივი სფეროს დერუსიფიკაციის პოლიტიკა.
პუტინმა განაცხადა, რომ რუსულენოვან უმცირესობასთან დაკავშირებით ლატვიის პოლიტიკას შედეგები მოჰყვება.
„არ მგონია, რომ ასეთი პოლიტიკის გამტარებლებს ბედნიერება ეწვიოთ. ახლა არ ვიცი რამდენია, მაგრამ ლატვიაში, მგონი, 40% იყო რუსულენოვანი, ალბათ, ახლაც საკმაოდ ბევრია,“ - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთის მთავრობამ საპასუხოდ უნდა შეიმუშაოს „სისტემური ზომები.“
მოგვიანებით, ლატვიის პრეზიდენტმა პუტინის მუქარას უპასუხა
ცნობისთვის, ლატვიის მთავრობის 2023 წლის მონაცემებით, ლატვიის 1,8 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 23,7% ეკუთვნის რუსულ უმცირესობას.
ლატვიის პარლამენტმა 2022 წელს მიიღო ცვლილება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის წესებს ამკაცრებს. ეს ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა. ლატვიაში მცხოვრები რუსები ახლა ვალდებულნი არიან, გაიარონ ლატვიური ენის საბაზისო დონის გამოცდა.
სექტემბერში მიღებული კანონი მიზნად ისახავს 2025 წლისთვის სკოლებში რუსული და სხვა უმცირესობების ენების სწავლების ენად გამორიცხვას.
რუსეთმა ლატვიასა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში ასეთ პოლიტიკას „რუსოფობია“ უწოდა. მაისში ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის LRT-ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მოსკოვის გეგმები, გავლენა მოახდინოს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ადგილობრივი პრორუსული ორგანიზაციებისა და რუსული ეთნიკური უმცირესობების გამოყენებით.