მოლდოვა და სომხეთი შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციებს რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო

12 ქვეყანა, მათ შორის მოლდოვა და სომხეთი შეუერთდნენ შემზღუდავ ზომებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის გამო დაწესდა. საუბარია ირანზე, ჩინეთზე, ჩრდილოეთ კორეაზე, რუსეთზე, სირიასა და სხვა სახელმწიფოებზე.

4 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ გლობალური სანქციების რეჟიმი ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ სამი წლით, 2026 წლის 8 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.


„კანდიდატი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და ბოსნია-ჰერცეგოვინა, ასეევ, ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები, ასევე, სომხეთი და აზერბაიჯანი უერთდებიან საბჭოს გადაწყვეტილებას. ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს საბჭოს გადაწყვეტილებას. ევროკავშირი ითვალისწინებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას,“ - წერია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში მოლდოვამ განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ არ შეუერთდებოდა გარკვეულ შემაკავებელ ზომებს, კერძოდ, სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მაგრამ ამ წლის მარტში ქვეყანამ გამოაცხადა, რომ კიშინიოვი სანქციების შესახებ ადრე მიღებულ ზოგიერთ გადაწყვეტილებას გადააფასებს.


მან პირობა დადო, რომ ქვეყნის მიერ ევროკავშირის სანქციების დაცვა მნიშვნელოვნად გაიზრდება. რაც შეეხება სომხეთს, ერევანი სულ უფრო ხშირად აკეთებს განცხადებებს, რომლებიც მიუთითებს რუსეთთან დაშორების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ სომხეთი „ორ სკამზე დაჯდომის მცდელობაში“ დაადანაშაულა, რადგან ერევანი დასავლეთთან ურთიერთობებს აუმჯობესებს.

განახლება: განცხადების თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ სანქციებს შეუერთდნენ სომხეთი და აზერბაიჯანი. ამ დროისთვის საქართველოს მეზობელი ქვეყნები დოკუმენტში აღარ გვხვდებიან.