დანია და შვედეთი უკრაინას CV90-ის ტიპის ჯავშანმანქანებს გადასცემენ

შვედეთისა და დანიის თავდაცვის მინისტრები უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ.

შეთანხმება კიევისთვის შვედური წარმოების CV90-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას ითვალისწინებს.

„ჩვენ გამოვიყენებთ საწარმოო შესაძლებლობებს უკრაინაში ახალი CV90-ის ტიპის საბრძოლო მანქანების მიწოდების უზრუნველსაყოფად,“- განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა. მიმდინარე წლის განმავლობაში შვედეთმა უკრაინას უკვე გადასცა 50 CV90-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანა, რომლებმაც საბრძოლო მოქმედებების დროს მაღალი ეფექტიანობა აჩვენეს.


კიევმა სტოკჰოლმიდან ამ აღჭურვილობის დამატებითი მიწოდება მოითხოვა.

Combat Vehicle 90 არის შვედური წარმოების ქვეითი საბრძოლო მანქანა. CV90-ის სერიული წარმოება 1993 წელს დაიწყო. საერთო ჯამში, სხვადასხვა მოდიფიკაციით დამზადდა დაახლოებით 1170 მანქანა, რომელთა უმეტესობა ექსპორტზე გავიდა სხვა ქვეყნებში.