გენპროკურორი და იუსტიციის მინისტრი FBI-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილეს, პოლ აბატს შეხვდნენ.

პროკურატურის ცნობით, ორმხრივ შეხვედრას საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი და გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


„გენერალური პროკურორის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ირაკლი შოთაძემ პოლ აბატს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გამოძიების ფედერალურ ბიურო საქართველოს პროკურატურის გამომძიებლებსა და პროკურორებს უწევს, როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე დახმარების აღმოჩენის, ასევე გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით.


გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილემ, თავის მხრივ, ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და მომავალი ურთიერთთანამშრომლობის მეტად გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაციის წევრებმა გამოძიების ფედერალური ბიუროს სათავო ოფისი დაათვალიერეს და სიღრმისეულად გაეცნენ ბიუროს მუშაობის სპეციფიკას, როგორც პროცედურული, ასევე ტექნოლოგიური კუთხით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე განხორციელდა სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და ექსტრადიციის შესახებ საქართველოსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებების პარაფირება, მათი შემდგომი ხელმოწერისა და რატიფიკაციის პირობით,“ - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.