ბელარუსი ლიეტუვის საზღვართან სამხედრო წვრთნებს იწყებს

ბელარუსში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების პარალელურად, ქვეყნის არმია ლიეტუვის საზღვართან მდებარე ჰროდნოს ოლქში სამხედრო წვრთნებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მისივე ცნობით, წვრთნები 17-დან 20 აგვისტომდე შეარაღებული ძალების სასწავლო გეგმის შესაბამისად ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ბოლო 1 კვირის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის 2 სატელეფონო ზარი გაიმართა. როგორც გუშნ კრემპლმა განაცხადა, რუსეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს სამხედრო დახმარება გაუწიოს.

16 აგვისტოს მინსკში ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ლუკაშენკოს მხარდამჭერი, უფრო მცირერიცხოვანი აქცია მინსკის ცენტრში. მან საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე ისაუბრა ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობა გამორიცხა:

"თქვენ ლუკაშენკოს კი არა, პირველ პრეზიდენტს დაღუპავთ. ეს თქვენი დასასრულის დასაწყისი იქნება. მუხლებზე იდგებით როგორც უკრაინასა და სხვა ქვეყნებში და ღმერთმა იცის ვისზე ილოცებთ. ჩვენს კართან ნატო-ს ჯარები მატლებივით ცოცავენ. ლიტვა, ლატვია და პოლონეთი და ჩვენი მშობლიური უკრაინა მოგვიწოდებენ ახალი არჩევნები გავმართოთ. თუ ანკესს წამოვეგებით გვთავაზობენ ახალ ხელისუფლებას - ნატოს სამხედროებს".

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.