ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური ზარის შემდეგ, პრაღის აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტის შენობიდან მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც შაბათ საღამოს პოლიციამ შენობაში ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღო.

როგორც ჩეხეთის პოლიციის მიერ სოციალურ პლატფორმა ქსელ X -ზე გამოქვეყნებულ ცნობაში წერია, ინგლისურად მოლაპარაკე კაცმა ტელეფონით პოლიციას აეროპორტის მე-2 ტერმინალის შენობაში ხუთი ბომბის შესახებ აცნობა.


შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.

პოლიცია ცდილობს, დაადგინოს იმ პირის ვინაობა, ვინც ბომბების არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება გააკეთა.

დღეს ჩეხეთში გლოვის დღე იყო. პრაღის კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტმა 21 დეკემბერს შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო, რასაც 10 ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.