უკრაინა შობას 25 დეკემბერს პირველად აღნიშნავს

უკრაინა შობას 25 დეკემბერს პირველად აღნიშნავს.

BBC წერდა, რომ უკრაინამ შობის დღესასწაულის აღნიშვნა 7 იანვრიდან 25 დეკემბრისთვის გადაიტანა, რაც ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯია რუსეთისგან დისტანცირებისკენ.

უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა გასულ წელს დაუშვა.

„დღეს ყველა უკრაინელი ერთად ვართ. ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ შობას. ერთ დღეს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, როგორც ერთი ერი, როგორც ერთიანი ქვეყანა. დღეს ჩვენი საერთო ლოცვა იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე. ხალხის ლოცვა - დღეს ის გააერთიანებს მილიონობით ხმას ისე, როგორც არასდროს,“ აღნიშნა ზელენსკიმ.


ეკლესიამ ახალ კალენდარზე გადასვლა მიმდინარე წლის მაისში გადაწყვიტა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ მაშინ განაცხადა, რომ ახალ კალენდარზე უკვე პირველი სექტემბრიდან გადავლენ. თუ სამრევლოები უარს იტყვიან ახალი კალენდრის გამოყენებაზე, ძველი თარიღების შენარჩუნებას შეძლებენ.

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

„უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თანმიმდევრული გზა გაიარა და ყველა ეტაპზე მორწმუნეებთან კოსულტაციებს მართავდა, იკვლევდა როგორც დადებით, ასევე, ნეგატიურ გამოცდილებას. ამიტომ, გადაწყვეტილება კალენდრის ცვლილების შესახებ ყველა დონეზე მიიღეს,“ ამბობს დღეს, 25 დეკემბერს მიტროპოლიტი ეპიფანე.

ცვლილების მიუხედავად, ყველა იმ თემში, სადაც მორწმუნეებს ძველი კალენდრის შენარჩუნება სურდათ, ამის უფლება ახლაც ექნებათ. „თუმცა ვხედავთ, რომ ამ უფლებით დაახლოებით რვაათასხუთასიდან ასმა თემმა ისარგებლა:

„როგორც ჩვენი წინაპრები წარსულში, ვზეიმობთ ქრისტეს შობას 25 დეკემბერს. არა იმიტომ, რომ ეს თარიღია მითითებული წმინდა წერილში. ბიბლიაში არაა ნახსენები ამის არც დღე, არც თვე. 25 დეკემბერი უძველესი, ტრადიციული თარიღია, ჯერ კიდევ III-IV საუკუნეებიდან. თუმცა ჩვენ ვზეიმობთ არა თარიღს, არა ერთგვარ დაბადების დღეს, როგორც ჩვეულ გარემოებებში, არამედ, ჩვენ ვზეიმობთ ქრისტეს შობის მოვლენას. სწორედ მოვლენას და არა კონკრეტულ თარიღს აქვს პრინციპული და არსებითი მნიშვნელობა. უფალი მოდის სამყაროში და ხდება ძე ადამიანისა ჩვენთვის და ჩვენი გადარჩენისთვის. უფალი მოდის კაცობრიობის დასახმარებლად. ჩვენ, როგორც ხალხს საომარ მდგომარეობაში, როგორც არასდროს, გვესმის დახმარების, დაცვის და მტერზე გამარჯვების აუცილებლობა.“

  • „ჩვენ გვჯერა, რომ მტერი დამარცხდება. რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა, უკრაინელი ხალხის მხარეს. და სადაც სიმართლეა, იქ არის ღმერთი. და სადაც ღმერთია, იქ გამარჯვებაა.“