Bloomberg-ი: საქართველო - ბაიდენის საგარეო პოლიტიკის პირველი კრიზისი

„საქართველო - ბაიდენის საგარეო პოლიტიკის პირველი კრიზისი“, - ამ სათაურით სტატიას Bloomberg-ი აქვეყნებს. ავტორი წერს, რომ თუ ბაიდენს სურს, შეასრულოს დაპირება, რომ ამერიკა გლობალურ ლიდერად დაბრუნდა, ის საქართველოს დემოკრატიული სულისთვის ბრძოლაში ნეიტრალური ვერ იქნება.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისეთი საგარეო პოლიტიკის პირობა დადო, რომელიც ამერიკის ძალას მის ღირებულებებს შეუსაბამებს. ამ პრინციპის პირველი ტესტი ბაიდენის ადმინისტრაციისთვის საქართველოს კრიზისია და ჯერჯერობით, ის ვარდება.

ხანგრძლივმა დაძაბულობამ მმართველ „ქართულ“ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის სამშაბათს იფეთქა, როდესაც მაღალჩინოსნებმა დააკავეს უმსხვილესი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია. ასობით პოლიციის ოფიცრის მიერ თბილისში პარტიის ოფისის დარბევა ძალის დემონსტრირება იყო.

ეს დაკავება იყო პირდაპირი პროვოკაცია. იმდენად საკამათო იყო მელიას დაპატიმრება, რომ გასულ კვირას ქართული ოცნების პრემიერმინისტრი გადადგა მელიას მომავალი დაპატიმრების გამო და თქვა, რომ ეს „საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მომავალს“.

ასეთი კრიზისი აშშ-სგან მკაცრ შეფასებებს და მმართველი მთავრობის დასჯის გეგმასაც მოითხოვს. ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს ბერკეტი, რადგან აშშ აგრძელებს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებას. 2010 წლიდან 2019 წლამდე აშშ-ს არასამხედრო დახმარება საქართველოსთვის წლიურად, დაახლოებით, 64 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ამავე პერიოდში, აშშ-მ საქარველოს სამხედრო დახმარების სახით 265 მილიონი აშშ დოლარი მიაწოდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის თავდაპირველი პასუხი მეტ-ნაკლებად რბილი იყო. სამშაბათს სპიკერმა ნედ პრაისმა დაგმო მელიას დაპატიმრება, მაგრამ შემდეგ თქვა: „ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა გამოიწვიოს“.

ეს სახიფათო გზავნილია, რომ ორივე მხარე პასუხისმგებელია მიმდინარე კრიზისზე. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ ახალ პარლამენტში შესვლაზე, რადგან ჯერ კიდევ არსებობს სერიოზული კითხვები ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. ამასობაში, გასულ მარტში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, მთავრობამ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ახალი პოლიტიზებული საქმეები წამოიწყო.

აშშ-ს თავდაპირველი რეაგირების კიდევ ერთი პრობლემაა, რომ პასუხისმგებლობას ვერ აკისრებს საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელს და მის უმდიდრეს მოქალაქეს, ბიძინა ივანიშვილს, კრიზისში მისი როლის გამო. თუ ევროპა და აშშ კმაყოფილი იქნებიან მელიას ციხიდან გათავისუფლებით, მაგრამ ოქტომბრის არჩევნების დარღვევების გამო არაფერს იტყვიან, რეჟიმი არსებითად წახალისდება, რომ მეტი მძევალი აიყვანოს.

შეერთებულმა შტატებმა, სულ მცირე, უნდა დაიწყოს ივანიშვილის საზღვარგარეთ არსებული მნიშვნელოვანი ქონების აღრიცხვის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეში ივანიშვილმა დააანონსა, რომ გადადგებოდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიდან, დამკვირვებელთა უმეტესობა მაინც თვლის, რომ ის სიტუაციას კვლავ აკონტროლებს. თუ ის დანამდვილებით შიშობს, რომ აშშ-ს მთავრობამ შეიძლება მისი ქონების მართვას პრობლემა შეუქმნას, შეიძლება გადააფასოს მისი პოლიტიკური ოპოზიციის მოსპობის სტრატეგია.

ეს იყო ნაბიჯი, რაც ბაიდენის წინამორბედს არასდროს გადაუდგამს საქართველოში. თუ ბაიდენს სურს შეასრულოს დაპირება, რომ ამერიკა გლობალურ ლიდერად დაბრუნდა, ის საქართველოს დემოკრატიული სულისთვის ბრძოლაში ნეიტრალური ვერ იქნება“, - აღნიშნულია Bloomberg-ის სტატიაში.